აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სამიტს მხოლოდ მაშინ გამართავს, როდესაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად მზად იქნებიან და ომი დასასრულს მიუახლოვდება.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა მიმდინარე მომენტშიც შესაძლებელია, თუმცა ის ამჯობინებს, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის დასრულების ფაზას დაემთხვეს.
"იცით, მე შემიძლია ეს მაშინვე გავაკეთო. მაგრამ მინდა, რომ ეს მაშინ მოხდეს, როცა ომი რეალურად დასასრულისკენ წავა. მე მინდა ვიხილო შედეგი, მინდა ვნახო, რომ ადამიანების მკვლელობა წყდება. არ მინდა დროის დაკარგვა უბრალო საუბრებში, როდესაც სიტუაცია ჯერ კიდევ კრიტიკულია. როდესაც დრო მოვა და კონფლიქტი დასრულებისკენ დაიძვრება, ეს ზუსტად ის მომენტი იქნება, როცა შეხვედრას აზრი ექნება, და ვფიქრობ, ჩვენ ზუსტად ამ წერტილამდე მივალთ", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მისი მიზანია, რომ შეხვედრა არ იყოს უბრალოდ მორიგი მაღალი დონის კონტაქტი, არამედ რეალურ სამშვიდობო შეთანხმებას ემსახურებოდეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან.
აშშ-ის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის არსებულ "უზარმაზარ მტრობაზე", რაც, მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიმდინარე კონფლიქტი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მალე მიაღწევს იმ ნიშნულს, როდესაც მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.




