აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 20 მილიონზე მეტ ამერიკელ ხანდაზმულს სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის პროგრამა მედიქეარის ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის დასაფარად თითქმის 100 დოლარამდე ერთჯერად თანხას გადაურიცხავს.

მედიქეარი აშშ-ში 65 წელს გადაცილებულთა სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაა. პროგრამის ნაწილი, ე.წ. Part B, ფარავს ექიმთან ვიზიტებსა და ამბულატორიულ მომსახურებას, რისთვისაც პენსიონერები ყოველთვიურ შესატანს იხდიან.

ტრამპის თქმით, ეს შესატანი მისმა ადმინისტრაციამ უკვე შეამცირა და ახლა დამატებით დახმარებასაც გასცემს. თანხა Medicare Improvement Fund-იდან გამოიყოფა, რომელსაც პრეზიდენტი „უაზრო სარეზერვო ფონდად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ აქამდე დემოკრატები მას არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

თეთრი სახლის ოფიციალური ცნობით, საუბარია ერთჯერად 90-დოლარიან გადარიცხვაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში განხორციელდება. თანხა პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება, ხოლო ვისაც ანგარიში არ აქვს, ფოსტით მიიღებს.

ამერიკულ მედიაში გადაწყვეტილებას სიმბოლურ დახმარებად აფასებენ. საქმე ისაა, რომ მედიქეარის ყოველთვიური შესატანი 2025 წელს 185 დოლარი იყო, 2026 წლის იანვრიდან კი 202,90 დოლარამდე იზრდება. წლიურად ეს 2 434 დოლარია, ანუ 90 დოლარი ნახევარი თვის შესატანსაც ვერ ფარავს.

გამოცემა USA TODAY წერს, რომ გაურკვეველია აქვს თუ არა თეთრ სახლს უფლებამოსილება ფონდიდან თანხის ასე გადამისამართებაზე და ამ ნაბიჯს შუალედურ არჩევნებამდე ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების მცდელობად აფასებს.

კრიტიკა უკავშირდება ტრამპის მეორე დაპირებასაც - პრეზიდენტმა იმავე განცხადებაში თქვა, რომ თუ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებს მოიგებენ, ყველა ამერიკელ მოქალაქეს 5 000-დოლარიან ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ დაურიგებს. ოპოზიცია ამას „ამომრჩევლის მოსყიდვად“ მოიხსენიებს.

ტრამპის თქმით, ეს ორი ინიციატივა ცალკეა იმ 1 მილიონი ამერიკელისთვის განკუთვნილი დახმარებისგან, რომლებსაც, მისი მტკიცებით, ჯო ბაიდენის დროს Obamacare-ის გეგმებზე ზედმეტი თანხა გადაახდევინეს.

წყარო: Truth Social, USA TODAY, White House

მოამზადა რაულ კაპანაძემ