სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
როგორც The Guardian აღნიშნავს, ირანის რეჟიმში მემკვიდრეობითი პრინციპით ძალაუფლების გადაცემა უჩვეულოა, თუმცა მოჯთაბას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) კონსერვატიულ ელემენტებთან ახლო კავშირები აქვს და მისი მხარდამჭერებისთვის ალი ხამენეის იდეოლოგიური ხაზის გაგრძელებას განასახიერებს.
ცნობისთვის, 4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ეს აქამდე ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.
მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს.




