ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა უკრაინის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის ინიციატივა წამოაყენეს, რათა რუსეთს მიეცეს საშუალება, გამოაცხადოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული დაპყრობა ისე, რომ უკრაინამ აგრესორს არ გადასცეს მის კონტროლქვეშ დარჩენილი ტერიტორიები. ამის შესახებ, წყაროებზე დაყრდნობით The Economist წერს.
გამოცემა ამ იდეას უწოდებს "ქრთამს პუტინის გარიგებაზე დასაყოლიებლად". კიდევ ერთი წინადადება, რომელიც ამ კონტექსტში გაჟღერდა, ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე რუსეთის დაბრუნებაა, - წერს The Economist. ამ იდეას ოფიციალური კიევი აქტიურად ეწინააღმდეგება.
2026 წლის ნოემბრისთვის რუსეთმა, პრაქტიკულად, სრულად დაიპყრო ლუგანსკის ოლქი, სადაც ტერიტორიის 99% რუსეთის არმიის კონტროლქვეშაა, და დონეცკის ოლქის დაახლოებით 80%.
გამოცემის წყაროები, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობენ, ამტკიცებენ, რომ რუსეთი "არაჩვეულებრივ მოქნილობას" ავლენს ამჟამინდელ პოზიციებზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის საკითხშიც კი. თუმცა, ეს მოქნილობა მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა წამოაყენეს წინადადება, მოლაპარაკებებში ევროპული უსაფრთხოების საკითხების უფრო ფართო განხილვა ჩართულიყო.
"კრიტიკოსების მტკიცებით, ამან რუსეთს გაუხსნა შესაძლებლობა, წამოაყენოს ახალი მოთხოვნები, რომლებიც არასოდეს შესრულდება, რაც მას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ომი და თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მშვიდობაზე საუბრობს", - წერს The Economist.
კიევს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს რუსული ზამთრის კამპანიის დასრულებამდე. "შესაძლოა, ეს მათი B გეგმაა, სანამ ისინი თავიანთ A გეგმას ახორციელებენ", - ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.
აშშ-ის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 10-დან 11 ნოემბრის ჩათვლით იმართება. რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის მომლაპარაკებელთა გუნდში, სხვებთან ერთად, შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორი სამმართველოს წარმომადგენლები იგორ კოსტიუკოვი და იური ჟიგარლოვსკი.
რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და უმაღლეს რადაში პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.




