ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 3 აპრილს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ჰუალიანიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა.
იაპონიის მეტეოსამსახურის ცნობით, სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდას მიაღწია. იყო კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი, მათ შორის, 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის.
მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე რაიონში მეწყერი ჩამოწვა.
სააგენტო Reuters-ი ტაივანის სახანძრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და 50-ზე მეტი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით დანგრეულია 26 შენობა.