მძლავრმა ტაიფუნმა „ბავიმ“, რომელმაც შაბათს ტაივანსა და იაპონიის რამდენიმე კუნძულს გადაუარა, წყნარი ოკეანის რეგიონში მძიმე შედეგები გამოიწვია. სტიქიას ფილიპინებში, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი, რომელსაც ძლიერი ქარი და გადაუღებელი წვიმები ახლავს, კვირა დილით ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწევს.

მოსალოდნელი კატასტროფის გამო ჩინეთი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა — ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო ადგილებზე უკვე გადაყვანილია 2 მილიონზე მეტი მოქალაქე. 

სტიქიის დარტყმისთვის განსაკუთრებით ემზადებიან აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინციებში:
 
ჟეძიანის პროვინციაში 1,7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც სრულად შეწყდა სასწავლო პროცესი, მუშაობა, ტრანსპორტის მოძრაობა და გარე აქტივობები, ასევე გაუქმდა 400-ზე მეტი ავიარეისი;
 
ფუძიანის პროვინციაში სახლები 130 000-ზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა;
 
შანხაის სანაპირო და მაღალი რისკის ზონებიდან კი მაშველებმა 34 000 მოქალაქის გადაყვანა უზრუნველყვეს.

ძლიერმა ნალექმა ჩინეთის დედაქალაქიც დააზარალა — პეკინში უსაფრთხოების მოტივით 100 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ის ცნობით, სტიქიის ზონაში ექსტრემალურად უხვი ნალექია მოსალოდნელი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღაზიებისა და სახლების ფანჯრების ხის კონსტრუქციებითა და დამცავი ლენტებით გამაგრებას ცდილობს.