ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ხომალდ Starship-ის ზედა საფეხურის სასტარტო მოედანზე დაბრუნება და დედამიწაზე დაშვებისას მისი მექანიკური მანიპულატორების დახმარებით დაჭერა პირველად შეძლო. დაშვების ჩანაწერი სოციალურ ქსელ X-ში, SpaceX-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

124 მეტრის სიმაღლის ხომალდი კოსმოსში 13 ნოემბერს, ტეხასის შტატის ქალაქ ბოკა-ჩიკაში მდებარე Starbase-ის სასტარტო მოედნიდან გაუშვეს. 22 საათზე მეტხანს გაგრძელებული ფრენის განმავლობაში Starship-მა ორბიტაზე Starlink-ის 26 ახალი თანამგზავრი გაიყვანა და დედამიწას დაახლოებით 275 კილომეტრის სიმაღლეზე 15-ჯერ შემოუარა.

ამჯერად SpaceX Starship-ის ყველა, 15-ვე საცდელი ფრენის განმავლობაში პირველად აპირებდა, დაეჭირა არა მხოლოდ ხომალდის 52-მეტრიანი ზედა საფეხური, არამედ 72-მეტრიანი ქვედა (პირველი) საფეხურიც — ამაჩქარებელი Super Heavy. თუმცა, მექსიკის ყურის თავზე ამაჩქარებლის დაბრუნებისას მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა. ამის შემდეგ იძულებითი ლიკვიდაციის სისტემა გააქტიურდა, — განმარტეს SpaceX-ში. ამასთან, ქვედა საფეხური წარმატებით 2024 წლის ოქტომბერში უკვე დასვეს. სამომავლოდ კომპანია ორივე საფეხურის "დაჭერასა" და მრავალჯერად გამოყენებას გეგმავს.