სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, ერევანს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან არალეგალი მიგრანტების განსათავსებელი ცენტრის სომხეთში შექმნის შესახებ არანაირი წინადადება არ მიუღია და ეს საკითხი სომხურ მხარესთან არ განხილულა.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ბადალიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ იტალია ევროკავშირის არაწევრ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, არალეგალი მიგრანტების განსათავსებელი ცენტრების შექმნის საკითხის განხილვას გეგმავს.
„ჩვენ ასეთი წინადადება არ მიგვიღია, ჩვენთან ასეთი საკითხი არ განხილულა“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.




