დამასკოს სასამართლომ სირიის დამხობილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და მას დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაშარ ალ-ასადი პასუხისმგებელია მრავალრიცხოვან განზრახ მკვლელობებზე, წამებებსა და უკანონო დაკავებებზე, რომლებიც ქვეყანაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომისა და საპროტესტო გამოსვლების დროს განხორციელდა. მოსამართლე ფახრ ად-დინ ალ-არრიანის განცხადებით, ასადმა სახელმწიფო ინსტიტუტები და ძალოვანი უწყებები სისტემატური დანაშაულების ჩასადენად გამოიყენა.

სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიესაჯა ბაშარ ალ-ასადის უმცროს ძმას, მაჰერ ალ-ასადს (რესპუბლიკური გვარდიის ყოფილ სარდალს), ასევე ყოფილი რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნებსა და მის დეიდაშვილს, ატიფ ნაჯიბს.

შეგახსენებთ, რომ ასადების რეჟიმი 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიარაღებული ოპოზიციური ძალების შეტევისა და დამასკოს დაკავების შედეგად დაემხო. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადმა და მისმა ოჯახმა სირია დატოვეს და რუსეთში გაიქცნენ, სადაც მათ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. მიუხედავად სირიის ახალი ხელისუფლების ოფიციალური მოთხოვნებისა, მოსკოვი ყოფილ ლიდერს არ გასცემს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დაუსწრებლად წარიმართა.