„სიენენის“ ცნობით, ჯორჯიის შტატის ორი საარჩევნო უბნის დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო ხმის მიცემის პროცესი დროებით შეჩერებული იყო.

როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ წერს, შემთხვევა ფულტონის ოლქში მოხდა.

ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, უცნობმა პირებმა შეატყობინეს პოლიციას, რომ ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ორი საარჩევნო უბანი დანაღმულია, რის გამოც განხორციელდა საარჩევნო პერსონალის ევაკუაცია და ხმის მიცემა დროებით შეწყდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბომბის შესახებ მუქარა ცრუ იყო.

„მოხარული ვართ, რომ ეს უბნები უკვე ფუნქციონირებს და ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადეს საარჩევნო ადმინისტრაციაში.

მომხდარის გამო ფულტონის საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის მიცემის დროის გახანგრძლივების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.