შვედეთის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინას გადასცეს რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" სატვირთო გემი Caffa, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულის უკანონო ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი.
96-მეტრიანი სატვირთო გემი Caffa შვედეთის პოლიციამ 2026 წლის მარტში, ქალაქ ტრელებორგის სანაპიროსთან დააკავა.
ხომალდი ყალბი გვინეური დროშის ქვეშ დაცურავდა. ეკიპაჟის 11 წევრიდან 10 რუსეთის მოქალაქე იყო.
4 აგვისტოს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მფლობელი კომპანიის, Caffa Shipping Ltd-ის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
უკრაინული გამოძიების თანახმად, ხომალდი უკრაინის ოკუპირებული პორტებიდან (მათ შორის, სევასტოპოლიდან) მარცვლეულის უკანონო ექსპორტში იყო ჩართული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი პრეცედენტი უწოდა.
"ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის მტკიცე მოქმედებებს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან ერთად, შეუძლია პასუხისმგებლობის პრინციპი რეალურ შედეგებად აქციოს," — განაცხადა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.




