გერმანიისა და ფინეთის პრეზიდენტები, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ალექსანდერ სტუბი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპელების მონაწილეობას დაჟინებით მოითხოვენ. "ეს არ არის პატივმოყვარეობის საკითხი და არც უბრალო ფორმალობა", — განაცხადა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"საბოლოო ჯამში, უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება და ევროპას შეუძლია, აიღოს მხოლოდ ის უსაფრთხოების გარანტიები, რომელთა განხილვაშიც თავად მონაწილეობდა", — აღნიშნა მან.
შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ფუნდამენტურია. "ჩვენი მხარდაჭერით უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს მოლაპარაკებებში ძალის პოზიციიდან ჩართვის უნარი. ამასთან, სამხედრო სიძლიერე აუცილებელია იმისთვის, რომ მშვიდობის მისაღწევად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას სათანადო წონა მიეცეს", — დასძინა გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა.
ამავდროულად, მან რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რათა ომის გაგრძელება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მოგებიანი აღარ იყოს. შტაინმაიერი დარწმუნებულია, რომ იგი სერიოზულ მოლაპარაკებებზე მხოლოდ ამის შემდეგ წავა.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 19 ნოემბერს ბერლინში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრისგან პროგრესს ელის. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ განხილვებს სტრუქტურა და წესრიგი მიეცეს, რაც, არსებითად, მკაფიო გრაფიკისა და ნათელი დღის წესრიგის არსებობას ნიშნავს.
სტუბმა წამოაყენა წინადადება, ყურადღება გამახვილდეს საკვანძო ასპექტებზე, რომლებიც, მისი აზრით, არის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული საკითხები, უკრაინის მხარდაჭერა, ნდობის განმტკიცების ზომები და ცეცხლის შეწყვეტა. "ომის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, გაიმართოს დისკუსიები ევროპული უსაფრთხოების შესახებაც. აქ საკვანძო მომენტი ასეთია: არ შეიძლება ტერიტორიული საკითხების განხილვა უკრაინის გარეშე. არ შეიძლება უსაფრთხოების საკითხების განხილვა ევროპის გარეშე", — დასძინა პოლიტიკოსმა.




