ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მედია აქვეყნებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელი ანტალ როგანი სანქცირებულთა შორის აღარ არის. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სამშაბათს ესაუბრა თავის უნგრელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს პეტერ სიარტოს და აცნობა მას, რომ რომ მიღებულია გადაწყვეტილება სანქცირებულთა სიიდან როგანის ამოშლის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური  წარმომადგენლის, ტემი ბრიუსის განცხადებით, მარკო რუბიომ პეტერ სიარტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ანტალ როგანის  სანქცირებულთა სიაში დატოვება არ შეესაბამება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.

მარკო რუბიომ და პეტერ სიარტომ ასევე განიხილეს საკვანძო საკითხებში აშშ-უნგრეთის თანამშრომლობის გაღრმავების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

უნგრული პრესა წერს, რომ, მათ ხელთ არსებული ცნობებით, ასე სწრაფად სანქცირებულთა სიიდან აქამდე არავინ ამოუშლიათ.

შეგახსენებთ, რომ ანტალ როგანი შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალურ სიაში“ მიმდინარე წლის 7 იანვარს შეიყვანა.