მიგრაციული კრიზისის შემდეგ სეუტაში 5000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულია 100 ადამიანი, – ამის შესახებ სეუტის ლიდერმა, ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა.
როგორც ვივასმა აღნიშნა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში გასულ კვირას განვითარებული მიგრაციული კრიზისის შემდეგ კვლავ რჩება 3000-დან 5000-მდე მიგრანტი. მისი თქმით, მაროკოდან სეუტაში რამდენიმე საათში დაახლოებით 78000 მიგრანტი გადავიდა, რასაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვივასმა მომხდარს „გამოუსწორებელი ტრაგედია“ უწოდა.
მისივე განცხადებით, მაროკოში დაახლოებით 75000 მიგრანტის დაბრუნებამ ვითარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, თუმცა სეუტაში მდგომარეობა სტაბილური ამჟამადაც არ არის.
ვივასმა გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო.
ამასთან, მაროკოული მედია იუწყება, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ ვრცელდება მოწოდებები სეუტაში მასობრივი გადასვლის ახალი მცდელობის შესახებ.




