რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადახდების შეჩერება „ვალდებულებების ბალანსით“ ახსნა.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქმე ეხება ვალდებულებების ბალანსის დაცვის აუცილებლობას და აფხაზეთში ეს კარგად ესმით”, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც ლავროვი ინტერვიუში განმარტავს, „რუსეთის მიერ აფხაზეთში სოციალური გადახდების შეჩერება გამწვავება არ არის”
„მე ამას გამწვავებას არ დავარქმევდი. დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ახლახან ვსაუბრობდით: ეს არის მიღწეული შეთანხმებების შესრულება. არსებობს შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, დამტკიცებულია ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ. და ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია ორივე პარლამენტში, თითოეულ ქვეყანას აქვს ვალდებულებები. საქმე ეხება იმას, რომ დაცული იყოს ამ ვალდებულებების ბალანსი და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს კარგად ესმით“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ახალდანიშნული სერგეი შამბა რუსეთში მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, კვირებში, შევძლებთ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას. და, რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა უწყებები სოხუმში თავიანთ კოლეგებთან აწარმოებენ შესაბამის მუშაობას. მაგრამ მთავარი, კიდევ ერთხელ, არის ყველა მიღწეული შეთანხმების შესრულება, რომლებიც დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური გადახდები, რომლებსაც მასწავლებლები, ექიმები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იღებდნენ, 1-ელ სექტემბერს შეაჩერა. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს, შემოდგომასა და ზამთარში მოსკოვი მათ ელექტროენერგიას კომერციულ ფასად მიაწვდის.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ამბობს, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრაზე, რომელიც აგვისტოში მოსკოვში გაიმართა.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები, მათი განხორციელება 1-ლი სექტემბრიდან უკვე დაიწყო“, – განაცხადა შამბამ.
როგორც რუსული მედია წერს, სავარაუდოდ, ამ შეხვედრის ოქმი გამოაქვეყნეს აფხაზურმა „ტელეგრამის“ არხებმა.
დოკუმენტში ოთხ ძირითად პუნქტს შეიცავს:
1. რუსეთი აჩერებს ფინანსურ დახმარებას. მისი განახლებისთვის აფხაზეთმა უნდა მოახდინოს ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ ორმხრივი შეთანხმების რატიფიკაცია; უზრუნველყოს რუსული კომპანიებისთვის აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლების შეთანხმების ძალაში შესვლა და მოხსნას შეზღუდვები რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე;
2. შემოდგომასა და ზამთარში აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას კომერციულ ფასად მიიღებს;
3. 20 სექტემბრამდე რუსეთმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის პარლამენტის წევრებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც „რუსეთის ინტერესების და რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ“ მოქმედებენ, რათა შემდგომში განიხილოს მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი;
4. სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო მინიმუმამდე დაიყვანენ კონტაქტებს აფხაზ დეპუტატებთან „რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მათი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.
პირველი ორი პუნქტი შამბამ დაადასტურა, მაგრამ დოკუმენტის ავთენტურობა მთლიანობაში – არა. მან არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია აფხაზი დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო, ჩამორთმევის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მოსკოვის პრეროგატივაა.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში სადავო კანონპროექტის ინიცირება.
ცვლილებები ინიციირებული იყო აფხაზეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ, და ითვალისწინებენ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში აპარტამენტებისა და სასტუმროების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე. როგორც აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ამტკიცებს, „მათი უცხოელებისთვის მიყიდვა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და შეავსებს ბიუჯეტს“.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და „საზოგადოებრივი ორგანიზაციები“ ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი აზრით, „კანონის შესრულება ემუქრება ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას“.
რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ პროექტი უკან გაიწვიეს.
თარგმანი: პირველი არხი