მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობებში შექმნილი ვითარება არ იწვევს ოპტიმიზმს. სომხეთის ხელმძღვანელობა შეგნებულად ანგრევს ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 28 მარტს, „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
„სომხეთში უკვე მომიწია კომენტარის გაკეთება არსებულ ვითარებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იწვევს ოპტიმიზმს. სომხეთის ხელმძღვანელობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოგონილი საბაბით, ამახინჯებს ბოლო სამი-სამი წელიწად-ნახევრის ისტორიას, შეგნებულად მიჰყავს საქმე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნგრევისკენ“, - განაცხადა მან.
ლავროვის თქმით, ერევანი ცილს წამებს გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე მომუშავე რუს სამხედროებს, მესაზღვრეებს და მთლიანად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.
ერევანში არ ახსენებენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ არაერთხელ დაიცვა სომხეთის ინტერესები რთულ სიტუაციებში და 2021 წელს მზად იყო ქვეყანაში გაეგზავნა სამშვიდობო მისია აზერბაიჯანთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან გაიხსენა, რომ ამ მისიის მანდატი სრულად იქნა შეთანხმებული 2021 წლის შემოდგომაზე ერევანში გამართულ მინისტერიალზე, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა კონსენსუსის არარსებობის შესახებ გააკეთა განცხადება და ქვეყანაში მიიწვია მსგავსი მისია ევროკავშირიდან.
შემდგომში ის გაორმაგდა და ახლა იქ სამხედრო პერსონალი იგზავნება ნორვეგიიდან, კანადიდან და შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მისიის ნატოს მისიად გარდასახვა ხდება.
„ბოლო რამდენიმე წლის მთელ ამ ისტორიას ამახინჯებენ ბატონი პაშინიანი, მისი თანამშრომლები და სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა