ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Viginum-ის სამსახურმა რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ჩარევის სამი კამპანია გამოავლინა, რომელთა მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო და უკვე ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატების დისკრედიტაცია იყო.
„ეს ჩვენთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი,“ - ამბობს Viginum-ის ხელმძღვანელი მარკ-ანტუან ბრიანი პარიზიენთან.
მისი უწყება, რომელიც 2021 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და უცხოური საინფორმაციო ოპერაციების გამოსავლენად შეიქმნა, სწორედ მსგავსი ტიპის უცხოური გავლენისა და დეზინფორმაციული კამპანიების იდენტიფიცირებასა და ანალიზზე მუშაობს.
– რუსული საფრთხე დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე?
მარკ-ანტუან ბრიანი: ნებისმიერი არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს დესტაბილიზაციისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა. ჩვენი პოლიტიკური სისტემა მოწყვლადად მიიჩნევა, რადგან საზოგადოებრივი დებატები თავისუფალი და ღიაა, რაც ბოროტი განზრახვის მქონე აქტორებს მათი გამოყენების საშუალებას აძლევს.
2021 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთში არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა უცხოური ჩარევის მცდელობის გარეშე. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესია, ასეთი ოპერაციების მთავარი სამიზნეა.
– როგორ ვლინდება ეს ჩარევა?
უცხოური სახელმწიფო აქტორები, მათ შორის რუსეთი, მაგრამ ასევე ჩინეთი, ირანი და თურქეთი სისტემატურად ოთხ ძირითად სტრატეგიას იყენებენ.
პირველი კანდიდატების, მათი საარჩევნო შტაბებისა და პოლიტიკური პარტიების რეპუტაციაზე ზემოქმედებას გულისხმობს, ზოგიერთის პოპულარიზაციას, სხვების კი დისკრედიტაციას. სწორედ ასეთი შეტევების სამიზნეები გახდნენ ცოტა ხნის წინ ედუარ ფილიპი, რაფაელ გლუკსმანი და გაბრიელ ატალი.
ამ კამპანიების ფარგლებში რამდენიმე მედიის, მათ შორის Le Parisien-ის, სახელიც უკანონოდ გამოიყენეს, რათა საინფორმაციო ქაოსი შეექმნათ. ეს უკვე მეორე სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ტრადიციული მედიის მიმართ ნდობის შერყევა და აუდიტორიის ალტერნატიული საინფორმაციო წყაროებისკენ გადამისამართებაა.
– დანარჩენი ორი სტრატეგია რა არის?
მესამე სტრატეგია თავად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება, რათა საზოგადოებაში კენჭისყრის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდეს.
მსგავსი რამ 2020 წელს აშშ-ში ვიხილეთ, როდესაც აქტიურად ვრცელდებოდა ნარატივი თითქოს საარჩევნო მანქანები გაყალბებული იყო.
მეოთხე სტრატეგია კი საზოგადოებაში ისედაც მწვავე და პოლარიზებული თემების გამოყენებას ეფუძნება — მაგალითად, ფერმერთა პროტესტი, ცხოვრების გაძვირება, იმიგრაცია ან პოლიციის ძალადობა. უცხოური საინფორმაციო ოპერაციები სწორედ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიას ხელოვნურად აძლიერებს.
– როდესაც მსგავს კამპანიას საჯაროდ ამხელთ, ხომ არ აძლევთ მას დამატებით მედიურ ეფექტს?
მართალია, იმ ოპერაციების დაახლოებით 95%, რომლებსაც ვაფიქსირებთ, ფართო საზოგადოებას საერთოდ არ შეუმჩნევია.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა — ღირს თუ არა მათზე საუბარი?
თუმცა, როდესაც სამიზნე კონკრეტული კანდიდატია, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ეს კამპანია ვირუსულად გავრცელდეს. საკმარისია, ის ჟურნალისტმა ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა საკუთარ საინფორმაციო ნაკადში შენიშნოს და ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს.
სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ იმ კანდიდატებსა და პარტიებს, რომლებიც მსგავსი ოპერაციების სამიზნეები ხდებიან, მაშინაც კი, თუ კამპანიას თითქმის არანაირი გავრცელება არ ჰქონია.
შემდეგ უკვე თავად წყვეტენ, გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია თუ არა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ, როგორც წესი, ზედმეტი საჯაროობისგან თავი შეიკავონ.
– შეგიძლიათ თუ არა ციფრული პლატფორმების მოქმედებაზე გავლენა მოახდინოთ?
ჩვენ პლატფორმებს თავად კამპანიის შინაარსს კი არ ვატყობინებთ, არამედ ამ ყალბი ანგარიშების კოორდინირებულ ქცევას, რადგან ის პლატფორმების გამოყენების წესებს არღვევს.
როგორც წესი, 24 საათის განმავლობაში, ხშირად კი უფრო სწრაფადაც, პლატფორმები ასეთ ანგარიშებს ზღუდავენ ან აჩერებენ.
საარჩევნო პერიოდში ისინი გაცილებით ოპერატიულად მოქმედებენ, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ რეპუტაციულ რისკებსაც ითვალისწინებენ. თუმცა ჩვეულებრივ პერიოდში მათი რეაგირება ჯერ კიდევ არასაკმარისია.
– საკმარისად არის თუ არა საფრანგეთი მზად ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ?
არჩევნებამდე დესტაბილიზაციის ახალი მცდელობები აუცილებლად იქნება, თუმცა მათ შესახვედრად არასდროს ვყოფილვართ ისე მზად, როგორც დღეს.
ამ მიმართულებით საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. ჩვენ შევქმენით მთელი ეკოსისტემა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.
Viginum თავდაცვით ფუნქციას ასრულებს, ხოლო საპასუხო ზომებში ჩართული არიან შეიარაღებული ძალები და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქვეყანას აქვს ინფორმაციის მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უახლოეს მომავალში ახალი კანონპროექტით კიდევ უფრო გაძლიერდება.
ამავდროულად, მოქალაქეები ამ საფრთხის მიმართ გაცილებით მეტად არიან ინფორმირებულნი, ხოლო პოლიტიკურ კანდიდატებს შორის უკვე არსებობს საერთო აზრი, რომ ადრე თუ გვიან მსგავსი ოპერაციის სამიზნე ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს.




