დღეს საფრანგეთის პარლამენტში მნიშვნელოვან კანონპროექტს უყრიან კენჭს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებს.
ინიციატივის მთავარი მიზანი მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ეკრანდამოკიდებულების შემცირება და კიბერბულინგის პრევენციაა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სოციალურ ქსელებს დაეკისრებათ ვალდებულება, დანერგონ მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაციის მკაცრი სისტემა. 15 წლამდე მოზარდებს პლატფორმებზე წვდომა ან ექაუნთის შექმნა მხოლოდ მშობლის, ან კანონიერი მეურვის ოფიციალური დასტურის საფუძველზე შეეძლებათ.
საკანონმდებლო ინიციატივამ საზოგადოებასა და ტექნოლოგიურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ციფრულ სივრცეში არასრულწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეგულაციების გამკაცრება კრიტიკულად აუცილებელი ნაბიჯია. წესების დარღვევის შემთხვევაში, ტექნოლოგიურ კომპანიებს სოლიდური ფინანსური ჯარიმები დაეკისრებათ.




