ხანგრძლივი მოლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია: ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) ოფიციალური განცხადება დღეს, 28 ივლისს, პარიზში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.  

54 წლის ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეროვნულ გუნდს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით უხელმძღვანელებს. ზიდანმა ამ პოსტზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა (სადაც საფრანგეთმა მე-4 ადგილი დაიკავა). დეშამი ნაკრებს 14 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს უდიდესი წარმატებები, მათ შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.  

დანიშვნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზიდანმა ემოციური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაკრების მწვრთნელობა მისი ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო:

"არაერთხელ მითქვამს: საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებზე დიადი არაფერია. ჩემთვის უდიდესი სიხარული და სიამაყეა, გავხდე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას ნდობისთვის და აღვნიშნო დიდიე დეშამის 14-წლიანი უდიდესი შრომა. ზედმეტია იმის თქმა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად უდიდესი ამბიციები მაქვს."

ახალი მთავარი მწვრთნელი მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება და გუნდს მომავალი საერთაშორისო ტურნირებისა და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოამზადებს.