ამის შესახებ საბერძნეთის ტელერადიომაუწყებელი კორპორაციის საიტი იუწყება.

ვარდუსიის მთებში საშობაო ასვლის დროს დაკარგული ოთხი ადამიანი მწვერვალთან (ვარდუსიაზე მდებარე უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან 2495 მეტრის სიმაღლეზეა - „აიპრესი“) ახლოს, ზვავში ჩამარხულები იპოვეს.   

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხი დაღუპულიდან ორი ალპინისტი იყო და ერთ-ერთ მათგანს ვარდუსიის მთების მწვერვალებზე ასვლის გამოცდილება ჰქონდა. სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ტრაგედიაში გადამწყვეტი როლი, სავარაუდოდ, სიმაღლემ, ციცაბო რელიეფმა და ამინდმა ითამაშა.

ისინი, როგორც ჩანს, დეზორიენტირებულები იყვნენ. მათ მიერ არჩეულ მარშრუტზე ძლიერმა თოვლმა, ცუდმა ხილვადობამ და შესაძლოა, ქარბუქმა, მოახდინა გავლენა. ამ ტერიტორიაზე ვიწრო გასასვლელები და ციცაბო ფერდობებია და თუ თოვლი ახალია, მცირე ხმაურმა ან ლაპარაკმაც კი შეიძლება დიდი ზვავი გამოიწვიოს, - განმარტავენ გამოცდილი ალპინისტები. 

მაშველებმა თოვლის ქვეშ ჩამარხული ალპინისტები იპოვეს ერთმანეთის სიახლოვეს, თითქმის ჩახუტებულები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ რეაგირებისა და უკან დახევის დრო არ ჰქონდათ.