კემეროვოს ოლქის გავლით, ტრანზიტით მფრინავი თვითმფრინავი 17 ნოემბერს, საღამოს, სოფელ იაგუნოვოსთან ჩამოვარდა, — ამის შესახებ სოციალურ ქსელებში კუზბასის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. იაგუნოვო კემეროვოს აეროპორტიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს.

თავის მხრივ, გაზეთმა "იზვესტიამ" დააზუსტა, რომ საუბარია სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ ან-12-ზე. გამოცემის ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში ეკიდა, შემდეგ კი მკვეთრად დაეშვა და აფეთქდა.

ამასთან, რუსულმა Telegram არხებმა "112"-მა და Shot-მა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 17-ვე წევრის დაღუპვის შესახებ დაწერეს. მათ ხელთ არსებული მონაცემებით, თვითმფრინავი ნოვოსიბირსკიდან კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში მიფრინავდა და მინდორში ჩამოვარდა. "ნამსხვრევები 500 მეტრის რადიუსში მიმოიფანტა. ბორტზე სახიფათო ტვირთი არ ყოფილა, ხმელეთზე ნგრევა არ არის", — ნათქვამია შეტყობინებაში. რუსეთის ხელისუფლებას დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ დაუდასტურებია.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-12 საბჭოთა ოთხძრავიანი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავია, რომელიც ჯარების, ტექნიკისა და 20 ტონამდე მასის ტვირთის გადასაზიდად შეიქმნა. იგი სსრკ-ში 1957 წლიდან გამოიყენებოდა.