რუსული უპილოტო საფრენი აპარატი კიევის დესნიანსკის რაიონში 12-სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. შედეგად ხანძარი გაჩნდა, შენობის კონსტრუქციის ნაწილი დაინგრა, დაიღუპა ორი და დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
დრონი შენობას მეათე სართულის დონეზე მოხვდა. ცეცხლი ზედა სართულებზეც გავრცელდა და ხანძრის ფართობმა დაახლოებით 100 კვ.მ. შეადგინა. მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა უკვე დაასრულეს.
შენობიდან გამოიყვანეს 22 ადამიანი, მათ შორის, რვა ბავშვი. ოთხი დაშავებული, რომელთაგან ორი ბავშვია, მედიკოსებს გადასცეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ორი დაღუპულის ცხედარი ერთ-ერთ დაზიანებულ ბინაში იპოვეს.
მთლიანობაში, 7 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. კერძოდ, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში, ხუთსართულიან შენობაზე რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, მათ შორისაა ხუთი ბავშვი. კიდევ 54 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, შვიდი ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული დღე-ღამის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ჯამში დაშავებულია 100 ადამიანი.




