21 ოქტომბრის საღამოს, ოკუპანტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ამ თავდასხმის შედეგად, როგორც უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საკუთარ Telegram არხზე განაცხადა, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მიმართულებით სულ 10 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის "ისკანდერ-М", "ცირკონი" და С-400.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქალაქში დრონებით თავდასხმის საფრთხე ნარჩუნდება და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმემ კი დაზიანებები მიიღო. სხვებთან ერთად, დაზიანდა ნიკოლაი სტრაჟესკოს სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ოთახი, რის შედეგადაც ერთი პაციენტი დაიჭრა. გარდა ამისა, ენერგეტიკულ ობიექტზე დრონის მოხვედრის გამო, ქალაქის ოთხ რაიონს დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. წინა ღამით, კიევის მახლობლად, დრონებით თავდასხმებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.




