რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის – ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმიდან უკრაინას შეუტიეს 33 დრონით. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო 6 ოლქში.

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურას. უკრაინელმა სამხედროებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ოდესის და 4 - ნიკოლაევის ოლქში. ამასთან, სამხრეთის ძალების სარდლობა ადასტურებს, რომ დრონების ნაწილმა სამიზნემდე მიაღწია ოდესის ოლქის სამხრეთში, სადაც დაზიანებულია პორტის საწყობები და კერძო სახლები. დაიჭრა 1 ადამიანი. ამ ცნობებს ადასტურებს ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია. მისი ინფორმაციით, საპორტო ინფრასტრუქტურა და სახლები დაზიანებულია ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში.