რუსულმა ძალებმა კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული და მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმისთვის გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოსა და საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, 12 ადამიანს აღწევს. კიდევ 30-ზე მეტი პირი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.  

ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც მე-8 და მე-9 სართულები სრულად დაინგრა და გაჩნდა ხანძარი. დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ ამ სახლში იმყოფებოდა. აგრეთვე დაზიანებულია მედპუნქტი, სკოლა და მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილები. ზოგიერთ მისამართზე ხალხი ნგრევისა და ბლოკირების გამო თავშესაფრებში დარჩა ჩაკეტილი.  

დარტყმები დაფიქსირდა არასაცხოვრებელ და სამრეწველო ობიექტებზე, სადაც საწყობებსა და ინფრასტრუქტურულ შენობებს ცეცხლი გაუჩნდა.  

ბროვარკის რაიონში სამრეწველო ობიექტის დაზიანების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც დაშავდა.  

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, ექიმები და სახანძრო ბრიგადები. მიმდინარეობს ნგრევის შედეგების ლიკვიდაცია და დაზარალებულთა ძებნა. კიევში გლოვის დღე გამოცხადდა.