რუმინელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევები იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო გამოყენებული. ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება.

დრონის ფრაგმენტები სოფელ პლაურუს მიდამოებში იპოვეს.

რუმინეთის პრეზიდენტმა მომხდარზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა. მისი განცხადებით, რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტების აღმოჩენა, რომელიც ჰგავს რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ დრონებს, მოწმობს, რომ მოხდა რუმინეთის სუვერენული საჰაერო სივრცის მიუღებელი დარღვევა.

„მტკიცედ ვგმობ ამ ინციდენტს, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის შეტევებით უკრაინის პორტების წინააღმდეგ დუნაიზე“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მისივე თქმით, ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მას ბოლო მოვლენების შესახებ აცნობა. მისივე თქმით, სტოლტენბერგმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა რუმინეთს და დაარწმუნა, რომ ალიანსი და მისი წევრები სრულად უჭერენ მხარს რუმინეთს.

მხარდაჭერის მტკიცებულებად რუმინეთის პრეზიდენტმა ახსენა აშშ-ის გადაწყვეტილება რუმინეთში გაზარდოს თავისი ყოფნა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების განთავსებით.

„მე კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის პორტებზე რუმინეთის საზღვართან ახლოს, დუნაიზე. ეს უკიდურესად გაუმართლებელი თავდასხმები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და წარმოადგენს სამხედრო დანაშაულებს“, - განაცხადა იოჰანისმა.