რუსეთმა და უკრაინამ გამოხატეს ინტერესი მარცვლეულისა და ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის მიმართ, განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას.
"ჩვენ შევეცდებით და, ვფიქრობ, მზად ვართ, ვითამაშოთ კონსტრუქციული როლი — თუ ეს ჩვენს ძალებში იქნება — ამის მიღწევაში", — დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
გარდა ამისა, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" (G20) სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. "პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვისთანაც გაქვთ უთანხმოება ან გარკვეული უსიამოვნებები, სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე", — აღნიშნა მან.
რუბიომ ასევე მიუთითა, რომ რუსეთის ლიდერისთვის მაიამის სამიტი იქნება შესაძლებლობა, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს. "ვიმედოვნებთ, რომ იგი მიიღებს ამ მოწვევას", — დასძინა მან.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ეგვიპტის, ინდოეთისა და თურქეთის წინადადებების საფუძველზე. ახლა ჯერი რუსეთის რეაქციაზეა, აღნიშნა მან ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისას, რომელიც მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სესიის კულუარებში იმართებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ეგვიპტემ, ინდოეთმა და თურქეთმა წარმოადგინეს შავ ზღვაში სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის ვარიანტები. კიევი მზად არის, "უზრუნველყოს უსაფრთხო ნაოსნობა და სასურსათო უსაფრთხოება შავ ზღვაში, თუ რუსეთიც მზად იქნება დეესკალაციისკენ რეალური ნაბიჯები გადადგას", - დასძინა ზელენსკიმ.
წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ომი ზამთრამდე დასრულდება.




