USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.
„USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ. შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ბოროტებაა. მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კრიმინალურ ორგანიზაციად მოიხსენია.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. გუშინ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააგენტოს ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.