სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სერგეი კორეცკისთან ბოლო საუბრის შემდეგ შოკირებული იყო.

„არ მაქვს უფლება, რომ გავამჟღავნო დეტალები და ამას არასდროს ვაკეთებ, თუმცა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან პირადი საუბარი მქონდა და ამ საუბარმა შოკში ჩამაგდო. შოკირებული დავრჩი იმასთან დაკავშირებით, რაც ომსა და მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებას ეხება. მეტს ვერაფერს ვიტყვი და არც შემიძლია, ვთქვა, რადგან პატივი უნდა ვცე ამ საუბრის ხასიათს”, – განაცხადა ფიცომ.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მომავალ წელს და შემდგომ პერიოდშიც უკრაინის დაფინანსებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„სლოვაკეთის მთავრობის სახელით, ბატონ მერცს ვეუბნები: სლოვაკეთი უკრაინისთვის კიდევ ერთი, 70-მილიარდიანი სესხის გაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს. წერტილი. ჩვენ ამით დავასრულეთ. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი. მთელი ეს ომი სრული აბსურდია. ეს ადამიანების მკვლელობაა, რომელიც ვიღაცის ინტერესებს ემსახურება, ფულისა და გავლენის გამო. მე ამას უარვყოფ”, – განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, თუ გერმანიის კანცლერი ევროკავშირის ბიუჯეტის დაბლოკვით დაემუქრება იმ შემთხვევაში, თუ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ახალი სესხის გამოყოფაზე არ შეთანხმდებიან, სლოვაკეთი ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს.

„კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვაცხადებ: სლოვაკეთი არასდროს დაუჭერს მხარს უკრაინისთვის სესხის გამოყოფას, ანუ დამატებით 70 მილიარდის გადაცემას. სხვებს თუ ამის გაკეთება სურთ, გთხოვთ. მე ხომ ვერ შევუშლი ხელს გერმანიას, თუ მას საკმარისი ფული აქვს, ან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს, უკრაინას თანხები გამოუყონ. დაე, გამოუყონ. იმედი მაქვს, ჩემი პოზიცია მკაფიოდ და ცალსახად ჩამოვაყალიბე“, – აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დაბლოკვით იმუქრება, „შანტაჟი“ უწოდა.

ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასადმი გაგზავნილ წერილში მერცმა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის იმ პირობით დაადასტურა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდება უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას.