რუსული ბოტების ფერმა Operation Overload (ასევე ცნობილი, როგორც "მატრიოშკა") საფრანგეთში საპროტესტო ტალღების პერიოდში ავრცელებდა ვიდეორგოლებს, რომლებიც ფრანგულ აუდიტორიაზე ორიენტირებული დასავლური მედიის მასალების იმიტაციას წარმოადგენდა. ამის შესახებ Reuters-მა ევროპელი დეზინფორმაციის სპეციალისტების ანალიზზე დაყრდნობით განაცხადა, რომელიც მის განკარგულებაში აღმოჩნდა.
კერძოდ, ქვეყანაში არეულობის მიზეზად დასახელებული იყო უკონტროლო იმიგრაცია, ხოლო საფრანგეთის მოქმედი მთავრობა წარმოჩენილი იყო ისე, თითქოს მან სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. ზოგიერთ ვიდეოში ყალბად ამტკიცებდნენ, რომ მიგრანტები აუპატიურებდნენ მომიტინგეებს, ასევე საუბარი იყო ტერორისტული თავდასხმების მომზადებაზე. სპეციალისტების დასკვნებიდან ირკვევა, რომ რუსული ანგარიშები ცდილობდნენ საფრანგეთის ამჟამინდელი ხელისუფლების, როგორც "სუსტის და მზარდად ავტორიტარულის" წარმოჩენას.
როგორც Reuters აღნიშნავს, სოციალური ქსელების ანალიზმა მოიცვა 7-დან 21 ოქტომბრამდე პერიოდი, რომელიც საპროტესტო აქციების პიკს დაემთხვა. "მსგავსი მოვლენები იძლევა შესაძლებლობას, შეირყეს ეროვნული მთავრობების ავტორიტეტი, გაღვივდეს შიში, მოხდეს განხეთქილების შეტანა და ასევე, არჩევნების წინ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი", - ნათქვამია ევროკავშირის დოკუმენტში.
ამასთან, ევროკავშირის ექსპერტებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ფედერაციის ან სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობამ თავისი ქმედებებით პროვოცირება გაუწია და გააძლიერა საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რომელიც ანალიზშია მოყვანილი, მხოლოდ 16-დან 18 ოქტომბრამდე სოციალურ ქსელ X-ში პრორუსული ანგარიშებიდან გამოქვეყნებულმა ათმა ყველაზე ნახვადმა პოსტმა 2,8 მილიონი ნახვა დააგროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტოს კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. აგვისტოში უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარყო ფრანგული მხარის ბრალდებები საფრანგეთში 2027 წლის არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე და განაცხადა, რომ ეს "არ იქნება ბოლო გამოგონილი ამბავი, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისთვის გამოიყენებს", - შეახსენებს Reuters.




