Reuters 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ მარშს სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" ეხმიანება და წერს, რომ ქუჩებში ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

"ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ქართველები კვირას თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოთხი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას იყრიან კენჭს".

როგორც გამოცემა წერს, "​26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს".

"ევროკავშირმა გასულ წელს საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც პირველი ეტაპია საბოლოო წევრობისკენ. თუმცა ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი მიიღო, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის რუსეთისკენ ტრიალდება".

სტატიაში აღნიშნულია, რომ "საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მხარდაჭერით აირჩიეს, მაგრამ მას შემდეგ იგი გახდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი".

გამოცემა წერს, რომ მარშს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და "ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა".

გარდა ამისა, Reuters ყურადღებას ამახვილებს, მმართველი პარტიის რეიტინგზეც:

"საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" რჩება ყველაზე პოპულარულ პარტიად ქვეყანაში, თუმცა მას 2020 წლის შემდეგ, როდესაც მოიპოვა ხმების თითქმის 50% და მცირე საპარლამენტო უმრავლესობა, ნაკლები მხარდაჭერა აქვს".