ევროპულმა ქვეყნებმა ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურის მიმართ წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ, სხვა შემთხვევაში, ორგანიზაცია შესაძლოა, 2027 წელს ხელმძღვანელობის გარეშე დარჩეს.
ამის შესახებ გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი, იან პრაუდი წერს.
ავტორის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურას 14 ევროპული სახელმწიფო ეწინააღმდეგება, თუმცა მათ კონკრეტული პრეტენზიები არ დაუსახელებიათ.
ამასთან, თურქეთი კვიპროსის კანდიდატურას ბლოკავს, რის გამოც ორგანიზაციაში თავმჯდომარეობის საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
„ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატურის მიმართ წინააღმდეგობა, რათა ეუთო კრიზისისგან იხსნან“, – წერს პრაუდი.
სტატიაში ავტორი საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც განიხილავს. მისი შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობაში თბილისის ფრთხილი მიდგომა და 2008 წლის ომის გამოცდილება შესაძლოა, ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის მნიშვნელოვანი იყოს.
„ის რთული გეოპოლიტიკური ბალანსი, რომლის დაცვაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში უწევს, სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ქვეყანა ეუთო-ს კარგი თავმჯდომარე იქნებოდა“, – წერს ბრიტანეთის ყოფილი დიპლომატი.
პრაუდი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესებაზეც. მისი შეფასებით, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობა ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები, კანადა, უკრაინა და რუსეთი.
„მოსაზრება, რომ საქართველო რუსეთის მოკავშირეა მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს, საკუთარი თავი კიდევ ერთი დამანგრეველი ომის საფრთხის წინაშე დააყენოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, აბსურდულია“, – წერს პრაუდი.
სტატიაში ასევე დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა და რეფორმები, რასაც ავტორი ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობების ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს. ის მიუთითებს, რომ საქართველომ 2026 წლის აპრილში ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობაც გადაიბარა. პრაუდის შეფასებით, თავმჯდომარეობის საკითხზე შეუთანხმებლობამ შესაძლოა, ეუთო-ს საქმიანობა შეაფერხოს, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ცნობისთვის, იან პრაუდი 1999-2023 წლებში მუშაობდა ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში. ამჟამად ის Quincy Institute-ის არარეზიდენტი მკვლევარია.
თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"




