ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.

მისი თქმით, "საქართველოს კრიზისშია" და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას "ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექიკური მთავრობის შექმნა" მიაჩნია.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთადერთმა ოლიგარქმა საქართველოში, რომელმაც მოახერხა საქართველოს დაპყრობა, ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს და ეს კრიზისი, იმიტომ შეიქმნა, რომ მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ გზას, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი", – აცხადებს იგი.

მისი თქმით, "ეს ყველაფერი კეთდება ან შეგნებულად, ან სისულელით. კრემლი ბედნიერია".

მას მიაჩნია, რომ "ყველაზე პასუხისმგებლობიანმა ქართველმა, თუნდაც მმართველი "ქართული ოცნების" პარტიაში, ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მეგობრებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ამ კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკური გამოსავლის შესახებ".

რასა იუკნევიჩიენე წერს, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები ახლა:

"საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შეჩერების შესახებ;

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;

დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. პროცესს უხელმძღვანელებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;

ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.

დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება სამ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც მოეწყობა საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით.

ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მზადება".

რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ "საჭიროა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დახმარების გაწევა მოლაპარაკებებში და საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოში საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ".