პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ომის დასასრულებლად ზეწოლა არა უკრაინაზე, არამედ რუსეთზე უნდა მიიტანოს.
„პოლონეთში ჩვენ გვჯერა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა მსხვერპლზე“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში დონალდ ტრამპის მცდელობა დადებითად შეაფასა. სიკორსკიმ ასევე უარყო შეშფოთება, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის დავა შესაძლოა, კონტროლს გასცდეს.
„ორივე ლიდერს აქვს შიდა პოლიტიკა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთია აგრესორი. სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და სწორედ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს დასავლეთისა და გლობალური მშვიდობისთვის“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა.







