ქაბულში, სადაც საერთაშორისო საზოგადოების ევაკუაცია გრძელდება, მხოლოდ სამი საელჩო - რუსეთი, ჩინეთი და პაკისტანი დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლო ქვეყანა, რომელმაც ქაბულიდან დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიყვანა, ინდოეთი გახდა. რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლების მხოლოდ ნაწილის ევაკუაციას გეგმავს. ქვეყნის ელჩი, დიმიტრი ჟირნოვი აცხადებს, რომ "თალიბანის" წარმომადგენლებთან შეხვედრასა და დიპლომატიური მისიის თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხების განხილვას გეგმავს. შემდგომ გეგმებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს ჩინეთის საელჩო ავღანეთში. უწყებამ ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდა, "უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას ყურადღებით ადევნოს თვალი". პაკისტანის განცხადებით კი, ქვეყანა ავღანეთში საელჩოს ევაკუაციას განახორციელებს, თუმცა "მცირე დიპლომატიურ მისიას" დატოვებს. ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს ბრძოლის გარეშე დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა. ამ მოვლენების შემდეგ, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.