რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შემოდგომაზე მობილიზაციის ახალი ტალღა იგეგმება.
ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, მან აღნიშნული ცნობები მკაცრად გააკრიტიკა.
"ეს რა არის? ეს არის სრული სისულელე. მობილიზაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველდღიურად კაცები მოდიან და კონტრაქტს აფორმებენ. ჩვენი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ნებაყოფლობით საფუძველზე წარმატებით მიმდინარეობს და არანაირი აუცილებლობა არ არის ვინმეს ძალდატანებით გაწვევის", — განაცხადა პუტინმა.
პუტინის განცხადება ვლადივოსტოკში მიმდინარე მსხვილი ეკონომიკური ღონისძიების დროს გაჟღერდა, სადაც ტრადიციულად, არა მხოლოდ რეგიონულ თანამშრომლობაზე, არამედ მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზეც კეთდება აქცენტები.
მოსკოვი მუდმივად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ქვეყნის შიგნით სოციალური სტაბილურობა შენარჩუნებულია და მასობრივი გაწვევის განახლების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
რუსეთის ოფიციალური უწყებების მტკიცებით, მოხალისეთა და იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გავლით კონტრაქტის მიღება სურთ, საკმარისია ფრონტზე არსებული საჭიროებების დასაფარად.




