პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში წუხელ ღამით მიმდინარე მოვლენები მართლაც ძალიან სერიოზულია. როგორც ჩანს, ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო დაპირისპირებას მთავრობის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებასთან და კონსტიტუციური ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და ავტორიტეტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთში აშშ-ის ელჩი, ტომ როუზი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა ვარშავას ყველაზე ნაკლებად სჭირდება დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა, გაცილებით უარესში გადაიზარდოს.
„ორივე მხარე მკვეთრად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რატომ. რაც არ უნდა დაადგინოს საბოლოოდ ფაქტებმა, ტრიბუნალის გარეთ შეკრებილი ათასობით ადამიანი ისედაც სახიფათო სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. პოლონეთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება დაპირისპირება, რომელიც გაცილებით უარესში გადაიზრდება“, — წერს როუზი.
როუზის თქმით, აშშ პოლონეთის მხარეს არის და მის მხარდაჭერას განაგრძობს. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევას.
„ამერიკა პოლონეთის მხარესაა. ჩვენი საქმე არ არის მის შიდა საქმეებში ჩარევა ან განსჯა. ჩვენი საქმეა იმ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული მომავალი, რომლითაც ვამაყობთ, და რომელსაც ჩვენს მეგობარს და მოკავშირეს ვუწოდებთ. ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩართული მხარე, მთავრობის წარმომადგენლები, სამართალდამცავი ორგანოები და დემონსტრანტები ღრმად ჩაისუნთქავენ და არ იმოქმედებენ ისე, რომ ძალადობა ან შემდგომი ესკალაცია გამოიწვიონ. ამერიკელები და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ზრუნავენ ამ ქვეყანაზე, მის დემოკრატიასა და მომავალზე. თუმცა, საბოლოოდ, პოლონეთის ძალა შიგნიდან უნდა მოდიოდეს, მისი ხალხიდან, მისი ინსტიტუტებიდან და კანონის უზენაესობისადმი მათი საერთო ერთგულებიდან“, — წერს აშშ-ის ელჩი.
ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.




