ამის შესახებ პოლონური გამოცემა dziennik-ი წერს.

2026 წლის 1 იანვრიდან პოლონეთში ამოქმედდება ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახის ბიუჯეტზე დატვირთვის მნიშვნელოვნად შემცირებას და დახმარების გაწევას იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. 75 წლის და მეტი ასაკის პირებს ახლა უკვე თვეში 2000 ზლოტამდე (1500 ლარამდე) რეალური ფინანსური დახმარების მიღება შეეძლებათ

დახმარება განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანის სახლში მოვლის სერვისების დასაფინანსებლად. ეს სერვისები მოიცავს დახმარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ჰიგიენა და ურთიერთობა (მათ შორის, გარემოსთან კონტაქტის უზრუნველყოფა, მისვლა-მოსვლაში თანამგზავრობა და სხვა). დახმარება გაიცემა არა ნაღდი ფულის, არამედ გარკვეული რაოდენობის საათობრივი მოვლის სახით.  

ვაუჩერს მიიღებენ 75 წელზე მეტი ასაკის ის პენსიონერები, რომლებიც საჭიროებენ მოვლას, რომლის უზრუნველყოფაც მათი ოჯახის წევრებს (შვილებს და შვილიშვილებს) არ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის რეჟიმიდან გამომდინარე. 

ვაუჩერის მიმღები პენსიონერის  ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ზლოტს. ოჯახის წევრისთვის, შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთსულიანი ოჯახისთვის მინიმალური ხელფასის ორმაგ და მრავალსულიანი ოჯახისთვის მინიმალური ხელფასის სამმაგ რაოდენობას. ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად გადაიხედება და თანდათანობით გაიზრდება..  

პენსიონერის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობაა 2150 ზლოტი თვეში, რაც შეესაბამება 50 საათის  მომსახურებას. დახმარების საათების რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული შეფასების საფუძველზე, ხანდაზმული პირის დაუკმაყოფილებელი საჭიროებების დონის გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტს შეუძლია თავად უზრუნველყოს მომსახურება ან გადასცეს ისინი მესამე მხარის ორგანიზაციებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები ან კერძო კომპანიები. პირებს, რომლებიც მომსახურების უზრუნველყოფით იქნებიან დაკავებულები, უნდა გააჩნდეთ შესაბამისი განათლება და არ უნდა იყვნენ იმ ხანდაზმულ პირთა ნათესავები, რომელთა მოვლაზედაც მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ.