პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შემდეგ, რომელსაც ექვსი ადამიანი შეეწირა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

გამოძიება დაიწყო ეროვნული პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მალოპოლსკის დეპარტამენტის პროკურორმა, რომელიც უშუალოდ ტერორისტული დანაშაულების საქმეებზეა უფლებამოსილი.

სისხლის სამართლის საქმე ორი ეპიზოდით აღიძრა. პირველი ეხება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ექვსი ადამიანის მკვლელობას და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დამცველი პოლიციელების მკვლელობის მცდელობას. "მიღებული სამართლებრივი კვალიფიკაციის თანახმად, დამნაშავე მოქმედებდა დიდი რაოდენობით ადამიანების სერიოზული დაშინების მიზნით, რაც ამ ქმედებას ტერორისტული დანაშაულის ხასიათს ანიჭებს", — აღნიშნა ჟურეკმა.

მეორე ეპიზოდი ქალაქ ოსტროვეც-სვიენტოკშისკიში სამი ადამიანის მკვლელობას უკავშირდება. პოლონეთის პოლიციამ აღნიშნულ ქალაქში კრაკოვის მასობრივ სროლაში ეჭვმიტანილის მამის, დედისა და დის ცხედრები აღმოაჩინა. გამოძიების ვერსიით, ორივე დანაშაულთან ერთი და იგივე პირია დაკავშირებული. ორივე ეპიზოდი სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7 ნოემბერს, დღისით, შეიარაღებული 24 წლის მამაკაცი მანქანით კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე შევარდა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, მათ შორის, ორი პოლიციელი. მსროლელი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას დაიჭრა და იგი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თავდამსხმელი ქვეყნის მოქალაქეა.