პოლონეთის პრეზიდენტმა გერმანიის მისამართით მეორე მსოფლიო ომის ზარალისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნა კვლავ გაააქტიურა. ვარშავა მიიჩნევს, რომ წარსულში მიყენებული მძიმე მატერიალური და ჰუმანიტარული ზიანი ბოლომდე კომპენსირებული არ არის.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნული განცხადება ვესტერპლატზე, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, გერმანიის მხრიდან სამართლიანი ანაზღაურება ორ ქვეყანას შორის ნამდვილი პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობების დასამყარებლად აუცილებელი პირობაა.

"იმისათვის, რომ ავაშენოთ სიმართლესა და კარგ ურთიერთობებზე დამყარებული პარტნიორობა, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ გერმანიის სახელმწიფოსგან რეპარაციების საკითხი, რასაც, როგორც პოლონეთის პრეზიდენტი, საერთო სიკეთისთვის ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვ," — განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონური მხარის პოზიციით, ქვეყანამ ომის წლებში კოლოსალური ზარალი განიცადა, რის გამოც, გერმანიამ ისტორიული პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს. აღნიშნული საკითხი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში უკვე წლებია პერიოდულად აქტუალური დებატების საგანია.  

თავის მხრივ, ოფიციალური ბერლინი აცხადებს, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საკითხი წარსულში გაფორმებული ხელშეკრულებებით უკვე დარეგულირებულია და გერმანიამ ომის შემდგომ პერიოდში კომპენსაციები უკვე გადაიხადა. მიუხედავად ამისა, ვარშავა არსებულ მდგომარეობას უსამართლოდ მიიჩნევს და მოთხოვნას განაგრძობს.