თეთრმა სახლმა ნატო-ს „კარგი“ და „ცუდი“ წევრების სია შეიმუშავა, რათა დაისაჯონ ის მოკავშირეები, რომლებმაც უარი თქვეს ირანთან ომის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ აქვეყნებს სტატიას.
გამოცემა წერს, რომ სამი ევროპელი დიპლომატისა და აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს არის ნიშანი, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, შეასრულოს თავისი მუქარა მოკავშირეების მიმართ, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან და ირანთან ომის დროს არ დაეხმარნენ.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვიდა „კარგი“ და „ცუდი“ წევრების შესახებ მოსაზრებით. ჰეგსეტის თქმით, აშშ-ს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც უფრო მეტად დგანან ვაშინგტონის გვერდით, ვიდრე ნატო-ელი პარტნიორები.
„მოკავშირეები, როგორიცაა ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, სულ უფრო მეტად გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვები, მიიღებენ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას. მოკავშირეები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ შეასრულეს თავიანთი წვლილი კოლექტიური თავდაცვისთვის, შესაბამის შედეგებს მიიღებენ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი პრიორიტეტს მიანიჭებს თანამშრომლობასა და ჩართულობას იმ მოკავშირეებთან, რომლებსაც თავიანთ წვლილი შეაქვთ კოლექტიურ თავდაცვაში.
გამოცემის ცნობით, წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყნებს მოიაზრებს ვაშინგტონი ალიანსის „ცუდ წევრებად“.








