აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონმა დახმარება უნდა გაუწიოს ისრაელს და პარალელურად, დარჩეს უკრაინაზე ორიენტირებული. ამის შესახებ მან სენატის ასიგნებების კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "ჰამასს" ან პუტინს გამარჯვების უფლებას არ მისცემენ".

"როგორც ისრაელში, ისე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ "ჰამასს" ან პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. აგრესიის და ტერორიზმის წინააღმდეგ დღევანდელი ბრძოლები განსაზღვრავს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი წლების განმავლობაში და მხოლოდ ამერიკის ძლიერ ხელმძღვანელობას შეუძლია, უზრუნველყოს, რომ ტირანებმა, ავაზაკებმა და ტერორისტებმა მთელს მსოფლიოში მეტი აგრესია და მეტი სისასტიკე ვეღარ გაბედონ", – განაცხადა ოსტინმა.

მოსმენაზე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სენატორების კითხვებს პასუხობენ. სენატში თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვართან, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.