ოდესის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულებისას, უკრაინის საჰაერო ძალების გამანადგურებელი მიგ-29 ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება შეძლო და უვნებლად გადარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 10 აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა.
გამანადგურებელი მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეების განადგურების ოპერაციას ასრულებდა.
წინასწარი მონაცემებით, საავიაციო რაკეტის გაშვების მომენტში თვითმფრინავი აალდა. მფრინავმა წარმატებით შეძლო კატაპულტირება. იგი ევაკუირებულია და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხედრო უწყებების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურული დაზიანებები არ დაფიქსირებულა. მიზეზების დასადგენად სპეციალური ექსპერტებისა და სამართალდამცველებისგან დაკომპლექტებული კომისია მუშაობს.




