The New York Times-ის (NYT) ცნობით, რუსეთმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევის კამპანია წამოიწყო და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების ფარულ ოპერაციებს ატარებს. ამასთან, რუსეთის ფედერაცია უკვე ნაცნობ ტაქტიკას იყენებს, რომლის მიზანიც საარჩევნო პროცესში ქაოსის შეტანა და ამომრჩეველთა ნდობის შელახვაა, – წერს გაზეთი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

"აშშ-ის საიდუმლო სადაზვერვო ანალიტიკური მონაცემები ბოლო თვეების განმავლობაში მიუთითებს იმაზე, რომ კრემლმა ხელახლა წამოიწყო ჩარევის ციფრული კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელებში კონტენტის გავრცელებას ითვალისწინებს. მისი მიზანი არჩევნების პერიოდში აშშ-ში შიდა უთანხმოების დათესვა ან გაღრმავებაა", – აღნიშნულია სტატიაში.

"როგორც ჩანს, რუსული კამპანიის მთავარი მიზანი რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა კი არა, არამედ ქაოსის დათესვაა. ამასთან, არ გამოვლენილა ხმის მიცემის სისტემებზე ზემოქმედების მცდელობები, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა თავად ნების გამოხატვის პროცესისთვის", – განაცხადეს NYT-ის წყაროებმა.

ჟურნალისტების წყაროებმა არ დააკონკრეტეს, თუ კონკრეტულად რა მეთოდებს იყენებს რუსეთის ფედერაცია ახალი ოპერაციის მიმდინარეობისას, თუმცა რუსულ დეზინფორმაციაზე დამკვირვებელი ექსპერტები ბოლო კვირებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წარმოებულ კამპანიებს აფიქსირებენ. სხვათა შორის, საუბარია ყალბი ვიდეოების გავრცელებაზე, რომლებშიც ჰოლივუდის ცნობილი სახეები, სავარაუდოდ, სენატის შუალედურ არჩევნებზე საუბრობენ იმ შტატებში, სადაც ყველაზე მწვავე ბრძოლაა გაჩაღებული.

დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანია შეფასებულია, როგორც ნაკლებად მასშტაბური ან კოორდინირებული აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის წინა მცდელობებთან შედარებით, რომლებიც კრემლმა 2016 წლიდან მოყოლებული წამოიწყო. ამერიკული სპეცსამსახურების შეფასებით, მოსკოვი ნაკლებ ინტერესს იჩენს ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ, ვიდრე საპრეზიდენტოსი. გარდა ამისა, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ გაჭიანურებული ომითაა დაკავებული, – წერს გაზეთი.