ნორვეგია, ფინეთი და პოლონეთი, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, მოსახლეობის სამხედრო მომზადების პროგრამებს აფართოებენ. ქვეყნებში ტარდება სწავლებები მოსახლეობის სამხედრო მომზადების, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის, დაჭრილებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და რეზერვისტების შეკრების მიმართულებით. ამის შესახებ გაზეთი Bild წერს.
ნორვეგიის ხელისუფლებამ 2026 წელი სრული თავდაცვის წლად გამოაცხადა — ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ სახელმწიფო დაწესებულებები, ბიზნესი და სამოქალაქო მოსახლეობა.
როგორც Bild აღნიშნავს, ნორვეგიის ეროვნული გვარდია დაახლოებით 40 ათას ადამიანს ითვლის, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ქვეყნის რეგულარული არმიის რაოდენობას (23 ათასი ადამიანი). 2026 წლის სექტემბერში ოსლოში გაიმართა ეროვნული გვარდიის უმსხვილესი შეკრება, რომელშიც დაახლოებით 5 ათასი რეზერვისტი მონაწილეობდა.
2026 წლის მარტში ნორვეგიაში ასევე ჩატარდა მორიგი მასშტაბური სამხედრო სწავლება, რომელშიც NATO-ს 14 ქვეყნის დაახლოებით 32 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოეწყო 19 ათასი თავშესაფარი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის განთავსებაა შესაძლებელი.




