მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატებია, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ანგარიშში ნათქვამია, რომ 28 თებერვალს, დაწყებითი სკოლის შენობაზე განხორციელებული დარტყმა აშშ-ის სამხედროების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი იყო. წინასწარი გამოძიების თანახმად, აშშ-ის სამხედროები დარტყმებს ახორციელებდნენ მიმდებარე ირანულ სამხედრო ბაზაზე, რომლის ნაწილიც ადრე სკოლის შენობა იყო. სკოლა ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ დასკვნები წინასწარია და არსებობს მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება.

ცნობისთვის, სამხრეთ ირანში, ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლას შაბათს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების პირველ დღეს დაარტყეს. ირანის სახელმწიფო მედიისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების ცნობით, თავდასხმას 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ. ‎