ერევნის საქალაქო სასამართლოს საერთო იურისდიქციის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლე ვაჰაგნ მელიქიანმა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის და უმაღლესი სულიერი საბჭოს ექვსი წევრი ეპისკოპოსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიმართა, რათა განისაზღვროს, რომელი სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება აღნიშნული საქმე. 

ამის შესახებ news.am-ი იუწყება.

როგორც სომხური მედია წერს, ამგვარად, სომეხთა კათოლიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვაზე უარს უკვე მესამე მოსამართლე აცხადებს.

პირველმა მოსამართლემ, აკოპ მანუკიანმა, რომელმაც კათოლიკოსის საქმე განიხილა, 7 აგვისტოს თვითაცილება მოითხოვა.

10 აგვისტოს საქმე მოსამართლე სერჟ რუშანიანს გადაეცა, რომელმაც, თავის მხრივ, საქმე ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოში გადააგზავნა.

ცნობისთვის, საქმე ეხება ეპისკოპოს გევორგ საროღიანს, რომელიც 2026 წლის 10 იანვარს გარეგინ II-ის გადაწყვეტილებით მასიოცოტნის ეპარქიის წინამძღოლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. საროღიანმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი თანამდებობაზე დარჩენის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიება გამოიყენა. გამოძიების ვერსიით, გარეგინ II-მ და ექვსმა სასულიერო პირმა ხელი შეუშალეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტის აღსრულებას. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სასამართლო აქტის აღსრულებისთვის ხელის შეშლაში.

ამასთან, გარეგინ II და ექვსი ეპისკოპოსი პატიმრობაში არ იმყოფებიან. მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნის დატოვების აკრძალვა იყო გამოყენებული. გარეგინ II-ს ეს შეზღუდვა აპრილში გაუუქმდა.