პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ღამით, დაცვის თანხლებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლას ცდილობდა. კართან მას სეიმის მიერ არჩეული ახალი მოსამართლეები დახვდნენ. შეხლა-შემოხლის ვიდეო თავად ერთ-ერთმა მოსამართლემ გამოაქვეყნა. მხარეები ერთმანეთს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გამოჩნდა შუშის ხეივანზე, საკონსტიტუციო ტრიბუნალის (ასე ეწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს პოლონეთში) შენობასთან. Onet-ის ცნობით, მან რამდენიმე საათით ადრე თვითმვიფრინავი, რომლითაც ისე სენეგალში ვიზიტით მიემგზავრებოდა და უკვე მადრიდის თავზე იყო, უკან მოატრიალა და ვარშავაში დაბრუნდა.

შენობის კართან მას დახვდა 7 მოსამართლე, რომლებიც შენობაში 18:00 საათიდან იმყოფებოდნენ. მოსამართლე მაჩეი ბერეკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს პრეზიდენტი კარში შესვლას მისი ანა კორვინ-პიოტროვსკასთან და კრისტიან მარკიევიჩთან შეხლა-შემოხლა.

„პრეზიდენტმა ფიზიკურად შეუტია მოსამართლეებს და აირჩია ფიზიკური დაპირისპირების გზა“, - წერს ბერეკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპირისპიროს ამტკიცებს. პრესმდივანი რაფალ ლეშკევიჩი აცხადებს, რომ სწორედ მოსამართლეებმა დაარღვიეს პრეზიდენტის ხელშეუხებლობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, პაველ შეფერნაკერის თქმით, პრეზიდენტი საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად მაინც შევიდა შენობაში, ბერეკი კი მშვიდობიანად შესვლას უარყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა შენობაში ძალის გამოყენებით შეაღწია.

რა მოხდა მანამდე — ქრონოლოგიურად:

18:00, 30 ოქტომბერი

ტრიბუნალის საიტზე ჩნდება 'ბრძანება' — ანა კორვინ-პიოტროვსკა, როგორც ყველაზე დიდი სტაჟის მქონე მოსამართლე, 1 თვით აჩერებს თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკის და მის მოადგილე ბარტლომეი სოხანსკის უფლებამოსილებას.

18:30, ოქტომბერი

იმავე საიტის X-ზე ჩნდება საპასუხო განცხადება:  „მოხდა საიტის უკანონო მიტაცება, თავმჯდომარე კვლავ შვენჩკოვსკია, ქალბატონი კორვინ-პიოტროვსკა არ არის  ტრიბუნალის მოსამართლე“.

ამის პარალელურად გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა ტრიბუნალში შეიტანა 5 შუამდგომლობა იმუნიტეტის მოხსნაზე — 4 შვენჩკოვსკის და 1 სოხანსკის წინააღმდეგ. სწორედ ჟურეკის პროკურატურა იძიებს ახლა საქმეს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

19:00-24:00, ოქტომბერი

შუხის ხეივანში შენობის წინ იკრიბებიან პოლიციელები და PiS-ის მხარდამჭერები, მათ შორის იაროსლავ კაჩინსკი. ვიცე-თავმჯდომარე სოხანსკი საღამოდანვე არ შეუშვეს შენობაში და ჭიშკართან სკამზე ელოდებოდა მოვლენების განვითარებას. მოგვიანებით იქ მივიდა თავმჯდომარე შვენჩკოვსკიც — მომიტინგეებმა ჯაჭვი გაჭრეს, ის ტერიტორიაზე შევიდა, მაგრამ შენობაში პოლიციამ არ შეუშვა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციასთან შეტაკებისგან თავი შეეკავებინათ.

01:00, 31 ოქტომბერი

ადგილზე ჩნდება პრეზიდენტი ნავროცკი და კართან შეხლაშმოხლის შემდეგ ის ტრიბუნალის შენობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად შედის.

შენობაში ამ დროს, კორვინ-პიოტროვსკას თქმით, იმყოფება მხოლოდ 7 მოსამართლე. მათგან მხოლოდ 2-ს — მაგდალენა ბენტკოვსკას და დარიუშ შოსტეკს — აქვს პრეზიდენტის წინაშე დადებული ფიცი. დანარჩენ 5-ს პრეზიდენტმა ფიცი არ დაადებინა და მათ სეიმში დადეს ფიცი 9 აპრილს. პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

მოამზადა რაულ კაპანაძემ