ამის შესახებ სლოვაკეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო კომპანია „ტრანსპეტროლის“ ცნობით, მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდების განახლება კვლავ გადაიდო. ნავთობის მიწოდების განახლების ვადა 2026 წლის 26 თებერვალია. უკრაინულმა მხარემ შემდგომი შეფერხების მიზეზები არ დააკონკრეტა, - წერს სლოვაკური მედია.
ეკონომიკის სამინისტრო ასევე ეხმიანება ინფორმაციას ხანძრის შესახებ „კალეიკინოს“ ნავთობგადასაქაჩ სადგურზე, რომელიც მილსადენ „დრუჟბას“ ინფრასტრუქტურის ნაწილია და აცხადებს, რომ ამჟამად არსებული ტექნიკური მონაცემების თანახმად, ზიანის მასშტაბმა გავლენას არ უნდა იქონიოს სლოვაკეთში ნავთობის მომავალ მიწოდებაზე.
სლოვაკური მედიის ცნობით, მთავრობის მიერ მიღებული პრევენციული ზომებმა უზრუნველყო, რომ სლოვაკეთის ბაზარზე საწვავის მიწოდება ამჟამად საფრთხის ქვეშ არ არის და ეკონომიკის სამინისტრო ასევე აგრძელებს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას ნავთობის მარაგების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სლოვაკეთის ენერგეტიკული ინტერესების დასაცავად.
დღეს, კიევში, ევროკავშირის ლიდერების ბრიფინგზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო ქალაქ ბროდზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები, რამაც ნავთობსადენი „დრუჟბა“ დააზიანა და მისი აღდგენის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „დრუჟბაზე“ რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და მკაცრად დაგმო ეს ქმედებები.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს უნგრეთისთვის, სლოვაკეთისთვის და სერბეთისთვის ადრიატიკის მილსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდების შესახებ მისი წინადადებებისთვის.
ხორვატიის ეკონომიკის მინისტრი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ „ევროკავშირის სანქციებისა და აშშ-ის OFAC-ის რეგულაციების შესაბამისი ნავთობი ამჟამად მიედინება ადრიატიკის ზღვის მილსადენით და, სავარაუდოდ, უკვე მიაღწია ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს უნგრეთსა და სლოვაკეთში“.




