საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, 17 ოქტომბერს კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან გამართულ აქციაზე შეკრებილი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ უკრაინიდან არსად წასვლას აპირებს. მისი თქმით, არსებული სიტუაცია აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

"მათ (უკრაინის ხელისუფლებამ) თქვეს, მის (სააკაშვილის) გარშემო ყველას დავაპატიმრებთ, ციხეში ჩავსვამთ, აღვძრავთ სისხლის სამართლის საქმეს, ვიღაცას ხელს მოვტეხავთ, ვიღაცას მოვკლავთ, ვიღაცას უკრაინაში არ შემოვუშვებთ და სააკაშვილი დაწყნარდება და წავა-ო...

ასე რომ... მინდა მათ ვუთხრა, რომ საზღვარგარეთ არანაირი კაპიტალი და არც ვილები მაქვს... არსად წასვლას ვაპირებ, მე იქ ვარ, სადაც ჩემი ბრძოლაა, სადაც ჩემი ცხოვრებაა და სადაც იქნება ჩემი გამარჯვება თქვენთან ერთად.

არ შეიძლება, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვების გარეშე დასრულდეს. მიმაჩნია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მათ (უკრაინის ხელისუფლებას) ყველაფერს წავართმევთ. ჩვენ მათ იმ ინსტრუმენტს წავართმევთ, რომლითაც ჩვენს განადგურებას აპირებდნენ.

მარტოც რომ დავრჩენილიყავი, მაინც ვიბრძოლებდი, ხოლო ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ. ჩვენი იარაღი სიმართლეა. დროა ხელისუფლებამ ჩაალაგოს ფულის ჩემოდნები და მიწისქვეშა გასასვლელებით გავიდეს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების აქცია 17 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ორგანიზატორები და მონაწილეები ითხოვდნენ დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას.